English / ქართული / русский /
თამაზ გამსახურდიათეიმურაზ ფესტვენიძე
ქვეყანაში არსებული რესურსების რაციონალური გამოყენებისა და მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლების ზოგიერთი ასპექტები

ანოტაცია

ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდგომ პერიოდში მმართველობით სტრუქტურებში დაშვებულმა შეცდომებმა მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონი შექმნა. მიუხედავად მრავალჯერადი ვითომ რეფორმიზაციისა და ოპტიმიზაციისა ქვეყანა ვერა და ვერ დაეწყო. ვერ დაისახა პრიორიტეტები, ვერ მოიძებნა ნიშა სადაც ჩვენთან არსებული რესურსებით შეგვძლებოდა კონკურენტუნარიანი ვყოფილიყავით და ამით მოგვეზიდა  ინვესტორები და სარგებელი მოგვეტანა ქვეყნისათვის. დროა კარდინალური ცვლილებების ჩატარებისა, რომელთაც შეუძლია ქვეყანა დააყენოს სწორ გზაზე და უზრუნველყოს ხალხის კეთილდღეობის ამაღლება.

საკვანძო სიტყვები: რესურსები, კრედიტები, აგრობიზნესი, ოპტიმიზაცია, ადამიანური რესურსები. 

შესავალი

ქართველი კაცის ოცნება მუდამ იყო დამოუკიდებელ და განვითარებულ ქვეყანაში ცხოვრება. ამის ნათელ მაგალითს წარმოადგენს მისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიული წარსული. ჩვენი ერი ზრუნავდა და ისწრაფოდა მაღალინტელექტუალური ქვეყნის ჩამოყალიბებაზე, მიუხედავად იმისა, რომ ქართველი მუდამ მტერთან ბრძოლაში იყო ჩაბმული და ქართველ ერს დაწყნარებული ცხოვრება თითქმის არასდროს ჰქონია. უსაფუძვლო არ უნდა იყოს მავანთა ვარაუდი, რომ თუ არა თურქების, მონღოლების, ჯალალედინისა და განსაკუთრებით, თემურლენგისა და შაჰ-აბასის მიერ საქართველოსათვის მოწყობილი გენოციდი, საქართველო დღეს 40-50 მილიონიანი სახელმწიფო მაინც იქნებოდა. მომხდური განსაკუთრებით ემტერებოდა ვაზს, რადგან მათ ძალიან კარგად იცოდნენ  საქართველოში კაცი თუ ქალი, ბავშვიც კი უღვინოდ პურს არა სჭამენ და ცხოვრების სიამოვნებას ვერა „გრძნობენო“. ვაზისა და სამშობლოს სიყვარულმა დღემდე მოიყვანა ქართველი ერი... მტრის მუხანათური ხელი დღესაც ატყვია ქართულ ვაზსა და ციხე-კოშკებს... ამას თან ერთვოდა შინაურთა გაცემის, ფლიდობის, ღალატის მომრავლებული ფაქტები. მე-20 საუკუნის 90-იან წლებშიც კი, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ეროვნული ხელისუფლება შეიარაღებულმა ხუნტამ იარაღის ძალით დაამხო, ქვეყნის პირველ პრეზიდენტს და მის მომხრე პატრიოტებს სიცოცხლე მოუსწრაფა. ვანდალიზმის თავის დაღწევის მიზნით ბევრი ქართველი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გადაიხვეწა.

ყოველივე ამან ქვეყანაში მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონი შექმნა. განადგურდა და აღიგავა პირისგან მიწისა საბჭოთა ხელისუფლებიდან მემკვიდრეობით მიღებული მრავალდარგოვანი მრეწველობა და სოფლის მეურნეობა. ქვეყანაში დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდგომ მრავალჯერ მმართველობით სტრუქტურებში ოპტიმიზაციის განხორციელების მიუხედავად, ქვეყანა ვერა და ვერ დაეწყო და ვერ აეწყო, როგორც ეს ეკადრებოდა ძირძველ საქართველოს. 

* * *

2012 წელს ხელისუფლებაში მოსულმა, დიდი იმედის მომცემმა ქართულმა ოცნებამ, რომლისაგან ქართველ ხალხს დიდი მოლოდინი ჰქონდა, ჯერჯერობით ვერ შეძლო სამართლიანობის აღდგენა. ქართული ოცნებას მმართველობით სტრუქტურებში მოქნილი და გონივრული სტრატეგია და ხედვა სჭირდება, რომ უარი თქვან მავნე ჩვევების − ,,ნეპოტიზმის“ ჩარევის გარეშე განახორციელონ ადამიანური რესურსების შერჩევა და დანიშვნა. ასეთი პრაქტიკა ადამიანებს უბიძგებს, ჩამოყალიბდეს როგორც მოაზროვნე და კარგ სპეციალისტად და არ ექნება სურვილი და მისწრაფება, კვალიფიკაციისა და გამოცდილების გარეშე შესაბამის იერარქიებში დაიკავოს ,,ჩაწყობილი“ მაღალი თანამდებობები. ცივი გონებით შერჩეული ადამიანური რესურსები დიდ სარგებელს მოუტანს ხალხს და ქვეყანას. ხელისუფლებამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს უცხოური ინვესტიციების მოზიდვას, რომელიც მოხმარდება ქვეყნისთვის მეტად საჭირო მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, რაც გარანტიაა მთლიანი შიდა პროდუქტის და წარმოების მოცულობის ზრდისა და ადამიანური რესურსების დასაქმებისთვის. ქვეყნის რეგიონებში ჩატარებულმა თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებულმა მერებმა, გამგებლებმა და საკრებულოში არჩეულმა დეპუტატებმა უნდა იგრძნონ დიდი პასუხისმგებლობა ამომრჩევლის წინაშე, იზრუნონ თვითმმართველობის სტრუქტურების ოპტიმიზაციის სრულყოფისათვის. განსაკუთრებული ყურადღება დაუთმონ უმიზნო და უნაყოფო დანახარჯების შემცირებას, ადგილებზე ჯერ კვლავ არსებული ბუნებრივი, ადამიანური და კაპიტალური რესურსების ეფექტურ გამოყენებას. ასევე აუცილებელია ხალხთან ახლოს ყოფნა, პერიოდულად შეხვედრები და უფრო მეტი ინფორმაციულობა, მასების სტიმულირება იმისაკენ, რომ მეტად ჩაერთონ თვითმმართველობის საქმიანობაში, თუ არა, მეტად გაჭირდება იმ პრობლემების გადაჭრა, რომელიც დღესდღეობით მწვავედ დგას ქვეყნის წინაშე.

სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებაზე მყოფი ჩინოვნიკები პირველ რიგში მოტივირებული უნდა იყვნენ თავისი კვალიფიციური შრომის შედეგებით და, მეორე მხრივ, ეკონომიკურად შეჭირვებული ქვეყნის სახელმწიფო მოხელეები მკაცრად უნდა უფრთხილდებოდნენ ბიუჯეტის სახსრებს და უფლება არაქვთ ფუფუნებაში ატარონ ცხოვრება. ამის ბრწყინვალე მაგალითებია საზღვარგარეთის სახელმწიფო მოხელეები თუ როგორ უფრთხილდებიან ისინი სახელმწიფო სახსრების ხარჯვას, კერძოდ მაღალბიუჯეტიანი ტრანსპორტის ხარჯებს. მიმოსვლისათვის ხშირად იყენებენ ველოსიპედებს, მცირელიტრაჟიან ავტომობილებს. მაგალითად, ავსტრიის პრეზიდენტი ვანდერ ბელენი ყოველდღე სამსახურში ფეხით დადის. ქუჩები არ იკეტება და გამვლელებს არავინ უზღუდავს მოძრაობას და მიდის ყოველდღიური მოვალეობის შესასრულებლად ადამიანების ნაკადთან ერთად, მშვიდად და შეუმჩნევლად, როგორც რიგითი მოქალაქე. ეს იმ ქვეყნის პრეზიდენტია, სადაც ერთ სულ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავალი შეადგენს 44498 დოლარს, ხოლო მთლიანი შიდა პროდუქტი არის 386752 მილიონი დოლარი.

ცნობილი ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე აღნიშნავს, რომ შემიძლია ეს ხელისუფლება დასაბუთებულად და არგუმენტირებულად გაუთავებლად ვაკრიტიკო, მაგრამ ყოვლად დაუშვებელია ამათი ნაციონალებთან შედარება, იმ ჯოჯოხეთთან, როცა ქუჩაში ხალხს ხოცავდნენ, ციხეში 30 ათასი პატიმარი ჰყავდათ, ადამიანებს ბიზნესსა და ქონებას უაპელაციოდ ართმევდნენ. გარდა ამისა, ყველა გავლენიანი საერთაშორისო ინსტიტუტი წერს და აღიარებს, რომ ურთულესი მდგომარეობის მიუხედავად, საქართველო რეგიონში დემოკრატიისა და თავისუფლების ოაზისად რჩება! ეს სიმართლეა და უნდა ვაღიაროთ, რომ დემოკრატიის თვალსაზრისით საქართველოში ბევრად უკეთესი ვითარებაა, ვიდრე ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებში და მათ შორის თურქეთშიც.

როგორც სტატისტიკური მონაცემებიდან ჩანს, 2013-2017 წლებში (2017 წლის I კვარტლის მონაცემებით), 2008-2012 წლებთან შედარებით, საქართველოში 23,1%-ით მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა. ქართულმა ოცნებამ პრიორიტეტი მიანიჭა წარმოების განვითარებას. მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობისთვის განხორციელდა სახელმწიფო პროგრამები. მარტო პროგრამის ,,აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში 480 მილიონ ლარზე მეტის ინვესტიცია გაიცა და მიკრო და მცირე ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა 215 საწარმო. 2015-2016 წლების სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილია 3204 პროექტი, ხოლო თანადაფინანსების სახით გაიცა 22 949 474 ლარი, სადაც 494 ბენეფიციარია.

2013-2016 წლებში ქვეყანას 23,2 მილიონი ტურისტი სტუმრობდა. ეს მონაცემები 2005-2012 წლების მაჩვენებელს (14,4 მილიონი) 60,4%-ით აღემატება; ეს იმას ნიშნავს,რომ დღითიდღე იზრდება ცნობადობა და ინტერესი საქართველოს მიმართ. კიდევ მეტი ძალისხმევა სჭირდება ტურისტული არეალის გაფართოებას, როცა ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებობს მიმზიდველი ისტორიული ძეგლები და კეთილმოუწყობელი მღვიმეები, მათი  ინფრასტრუქტურის განვითარების შედეგად კიდევ უფრო გაიზრდება ტურისტების ნაკადი, რაც ხელს შეუწყობს ბიუჯეტის შემოსავლების ზრდას.

დღევანდელ სამყაროში ენერგოდამოუკიდებულება და ენერგოუსაფრთხოება, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით, ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. ამ მხრივ წინსვლა სრულიად აშკარაა. 2013-2016 წლებში ქვეყნის ენერგეტიკულ სისტემას სულ 415 მეგავატი სიმძლავრის ელექტროსადგურები შეემატა, როცა 2007-2012 წლებში განხორციელებული პროექტების ჯამური სიმძლავრე მხოლოდ 8 მეგავატი იყო.

ზემოთ მოყვანილი სტატისტიკა, რომელიც იმედის მომცემად გვესახება, კარგია, მაგრამ ფაქტობრივად, დღითიდღე იზრდება მოსახლეობის დენადობა ქვეყნიდან იმ მიზეზის გამო, რომ არ არის დასაქმებული და სოციალურად დაუცველს უჭირს თავის რჩენა. ამას ემატება ინფლაცია, რიგ კვების პროდუქტებზე ფასების მომატება, ასევე ელექტროენერგიისა და გაზის  ტარიფების ზრდა, საწვავის გაძვირება და ა.შ.

დღევანდელ პირობებში მყოფი ერისთვის უპირველესი საზრუნავი არის ქვეყნისა და თავის გადარჩენა. ამისათვის საჭიროა ხელისუფლების მიერ ქვეყანაში კარდინალური ცვლილებების განხორციელება, მაღალი სულისკვეთებით შრომა, გარჯა და კარგი სამომავლო ბიზნესსტრატეგიების ჩამოყალიბება და მისი გადაუდებელი შესრულება-განხორციელება. ქვეყანაში უნდა შემუშავდეს ქმედითი საგანმანათლებო პროგრამა. ყველა ჩავაბათ უწყვეტი სწავლების პროცესში, რომელიც ყველა რანგის სახელმწიფო მოხელეს, მენეჯერებს თუ ნერბისმიერი სპეციალობის მქონე ადამიანს გაუხსნის გზას თანამედროვე ტექნოლოგიების მიღწევების ათვისებასა და კვალიფიკაციის უწყვეტი ამაღლებისკენ.

დღევანდელი ხელისუფლების ძირითადი ფუნქციაა ქვეყანაში არსებული ბუნებრივი, ადამიანური კაპიტალური რესურსების ინტენსიურად და რაციონალურად გამოყენება, რომ განვითარდეს ქვეყნის ეკონომიკა და შეიქმნას სამუშაო ადგილები, სადაც დასაქმდებიან ადამიანები, რომლებსაც ხელი აქვთ ჩაქნეული მომავალზე, არადა ქვეყნის მოსახლეობა მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაში იმყოფება.

ბევრ სხვა მიზეზთან ერთად, ქვეყანაში არაჯანსაღი მდგომარეობის შექმნაში ლომის წილი უდევს ბანკების თავაშვებულობას. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, კომერციულმა ბანკებმა 2017 წლის 9 თვის განმავლობაში კლიენტებისთვის მიცემული სესხებიდან საურავებიანად ჯარიმის სახით 58 მილიონ 266 ათას 832 ლარი მიიღეს. მთელი საქართველო ბანკებმა იყიდეს და როგორც ვაჟა-ფშაველა წერდა ,,ქვეყანა იქცა დუქნად“.

ბანკიდან კრედიტის გამომტანმა, მოვალემ, ბანკის ჯარიმის სახით ძირითადი თანხის 0,02 პროცენტის ნაცვლად 0,2 პროცენტი უნდა გადაუხადოს, ანუ ქართულმა ბანკებმა ჯარიმის ფასი ათჯერ გაზარდეს, ეს ხომ ქართველი ხალხის ძარცვაა. უცხოეთში იმდენი ფონდია, ფული სად წაიღონ და სად დააბანდონ არ იციან. არის ასეთი ფონდები, რომლებსაც თანხის გასესხების დროს მოგების სახით წლიური ერთი პროცენტიც ხელს აძლევს, ხოლო 3-4 პროცენტად ფულს თითქმის ყველგან იშოვი. ეს ყველაფერი ხდება იმის ფონზე, როცა საქართველოში წლიური საბანკი პროცენტი 15-30% მერყეობს. ამიტომაა, რომ ქვეყნის მოსახლეობის ძირითადი ნაწილი გაუსაძლის მდგომარეობაშია და იპოთეკარები ვერ უმკლავდებიან ბანკის პროცენტს და უბინაოდ რჩებიან. ბანკებს, უმართებულოდ, კანონით მინიჭებული აქვთ ნებისმიერი ბიზნესის წარმოების უფლება, ამიტომ მათ ინტერესში აღარ შედის კერძო ბიზნესზე სესხების გაცემა, თავიანთ კონკურენტებს ხომ არ გააძლიერებს? აუცილებელია საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდეს ეს პრობლემა.

პირველ რიგში გადაუდებელ ამოცანად მიგვაჩნია ქვეყანაში აგრობიზნესის განვითარების პრესპექტივები, რომლის რესურსები თითქმის ყველა რეგიონს გააჩნია. სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ნიადაგები ნაყოფიერების მხრივ სავალალო მდგომარეობაშია, რაც გამოიხატება ჰუმუსის პროცენტული შემცველობის მკვეთრი შემცირებით, საკვები ელემენტის სიღარიბით და ა.შ. სახნავი ფართობების უდიდესი ნაწილი ეროზირებულია. დასავლეთ საქართველოს დაჭაობებული ნიადაგები მოითხოვს მელიორაციული სამუშაოების ჩატარებას, აღმოსავლეთ საქართველოს მლაშე ნიადაგები კი გაკულტურებას საჭიროებს. ამიტომ, მიწის ეფექტური გამოყენების მიზნით, აუცილებელია მოწვეულ იქნეს მეცნიერების, სპეციალისტების და ექსპერტების გარკვეული ჯგუფი.

ნიშანდობლივია, რომ აგრობიზნესში ყველაზე მნიშვნელოვან პროდუქციას წარმოადგენს ქართული ღვინო, რომლის კონკურენტუნარიანობის ამაღლება და უფრო ფართოდ საერთაშორისო სტანდარტებზე გასვლა მნიშვნელოვნად განაპირობებს ჩვენს ეკონომიკურ ძლიერებას. ჩვენი აზრით, საშურ საქმეს წარმოადგენს ტრადიციული ჯიშების აღორძინება. სხვა ჯიშებთან ერთად, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ელიტარული ბრენდების (ხვანჭკარის, ოჯალეშის, უსახელაურის, ალადასტურისა და სხვა) ჯიშის მოვლა-განვითარებასა და მათ შენარჩუნებას. ასევე ყურადღებას მოკლებულია სიცოცხლის ელექსირად წოდებული ჩაის კულტურის აღორძინება-განვითარება, როცა ჩაის კულტურის მოვლა-პატრონობას ქართველი კაცი საუკუნის მანძილზე ეწეოდა. მისი ხელსაყრელი ბუნებრივი პირობების მიუხედავად, არ იჩენენ მისდამი ყურადღებას. ძირითადად იმპორტირებული ჩაის იმედზე ვართ დარჩენილი. გავიხსენოთ ახლო წარსული, თუ როგორ ვანდალურად გაანადგურეს ჩაის პლანტაციები და გადაშენების პირამდე მიიყვანეს, მაშინ, როცა მეზობელი თურქეთის სახელმწიფომ ჩაის კულტურის განვითარება მაღალ რანგში აიყვანა. ნახეთ როგორ ბიბინებს თურქულ მიწაზე მარადიული მწვანე ჩაი და როგორ შრომობენ ჩვენი თანამემამულენი, ქალი თუ კაცი, რომ აღნიშნულ სამუშაოზე აღებული ფულით არჩინონ თავისი ოჯახი. ხომ შეიძლებოდა განვითარებულიყო ჩაის კულტურა, აქ ეშრომათ ჩვენიანებს ისე, რომ თავისი შრომით უზრუნველეყო ოჯახის მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. რა მოგვდის ქართველებს? როცა ჩვენზე უფრო პატარა, ჩვენზე უფრო ნაკლები შესაძლებლობის მქონე ქვეყნები უფრო მეტ მთლიან შიდა პროდუქტს აწარმოებს და უკეთესი ცხოვრების ეკონომიკური პირობები გააჩნია. ისმის კითხვა, რატომ ვუშვებთ ხელიდან აგრობიზნესის განვითარების შანსს? ახლო წარსულში ჩვენს ქვეყანაში მოყვანილი ხილით, ყურძნით და ბოსტნეულით საკონსერვო და ღვინის გადამამუშავებელი ქარხნების სიმძლავრეები იყო დატვირთული და აქ წარმოებული პროდუქტით უზრუნველყოფილი იყო ჩვენი და ასევე ყოფილი საბჭოთა ქვეყნების რეგიონების მომხმარებლები. მიგვაჩნია, რომ სახელმწიფომ მეტი ძალისხმევა უნდა გამოიჩინოს აღორძინებადი ჩაის მრეწველობისადმი, ისეთი და უფრო მეტიც, რაც მეღვინეობისათვის გაკეთდა და კეთდება, ჩატარდეს ჩაის ფესტივალები, ჩაის დღესასწაულები, აღდგეს ჩაის სახლები ყველა ქალაქში, გავაცნოთ მომრავლებულ ტურისტებს ჩვენი ჩაის საგემოვნო თვისებები, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში მეჩაიოებისა და ჩაის მრეწველობის აღდგენა-განვითარებას და, საერთოდ, ქართული ჩაის პოპულარიზაციას. ამით შესაძლებელი გახდება როგორც ძველი ბაზრების დაბრუნება, ასევე ახალი ბაზრების დივერსიფიცირება.

აღსანიშნავია, რომ წინა საუკუნეში საქართველოს სოფლის მეურნეობის ტექნიკური აღჭურვილობა მსოფლიო მოწინავე ქვეყნების დონეზე თუ არ იდგა, ბევრით არ ჩამოუვარდებოდა მათ, რამაც თავისი დადებითი გავლენა იქონია მრავალდარგოვანი სოფლის მეურნეობის განვითარებაზე. მთაში წამყვანი დარგი იყო მეცხოველეობა, სხვა რეგიონში მოჰყავდათ ჩაი, ციტრუსები, მარცვლეული კულტურები, ბოსტნეული, დიდი ყურადღება ექცეოდა მევენახეობას, მეღვინეობას, მეაბრეშუმეობას, მეხილეობას, სხვადასხვა ტექნიკური კულტურების წარმოებას,  დაფნა, სელი, სორგო, სოიო, ბამბა, შაქრის ჭარხალი, თამბაქო და სხვა.  იმერეთის ზონაში წამყვანი იყო და დღესაც არის მევენახეობა და მეღვინეობა. ქუთაისში, თერჯოლაში, ზესტაფონში ბაღდათსა და ვანში აშენდა ღვინის ქარხნები, სადაც მზადდებოდა და ისხმებოდა საუკეთესო ხარისხის ღვინოები, მზადდებოდა და ისხმებოდა საქვეყნოდ ცნობილი და მოთხოვნადი ვარციხის კონიაკი და თერჯოლის შამპანური. იმერეთის მხარეში გლეხის ყოფა-ცხოვრებაში დიდი ადგილი ეკავა სიმინდის ნათესებს, რომლის გვერდით ვითარდებოდა თამბაქოს, თხილის, ცხოველთა საკვები ბალახის, ბოსტნეულის და ბამბუკის კულტურები. მაშინ, შეიძლება ითქვას, ცხოვრება ჩქეფდა. ადამიანს არ შიოდა, სოციალურად დაცული და დასაქმებული იყო.

საქართველოს მოსახლეობამ დამოუკიდებლობა და კერძო საკუთრება სულ სხვა ფერებში აღიქვა და წამგებიან პოზიციაში აღმოჩნდა. ეს იმაში გამოიხატა, რომ სახელმწიფო საკუთრების გასხვისება-პრივატიზაციამ მახინჯი ფორმა მიიღო, რამაც ხალხის ყოფა-ცხოვრებაზე დამანგრეველი გავლენა იქონია. ახლა კი, როცა საქართველო დამოუკიდებელია, გაქრა სამუშაო ადგილები, დაინგრა არსებული ფაბრიკა-ქარხნები, კომუნისტური რეჟიმის დროინდელი შენობები იავარქმნილია, ხოლო დღევანდელი სოფლები მოკლებულია თანამედროვე ინფრასტრუქტურას. ბევრი სოფელი გაუკაცრიელებულია სამუშაოს უქონლობის გამო. გეზი აქვს აღებული საზღვარგარეთის ქვეყნების მიმართულებით ან დედაქალაქ თბილისისკენ. რიგ სოფლებში ეზო-კარი მოუვლელობის გამო ეკალ-ბარდით დაიფარა, რამაც ხელი შეუწყო მტაცებელი ცხოველის, მგლის მომრავლებას, ამის გამო, მოსახლეობა პანიკაშია ჩავარდნილ. საჭიროა სახელმწიფომ პრევენციული ზომები მიიღოს, რომ სოფლებში დარჩენილი მოსახლეობას მშვიდი ცხოვრების პირობები შეუქმნას. წარმოვიდგინოთ საზღვარგარეთის ქვეყნების ნებისმიერი სოფელი, მისი ინფრასტრუქტურა და შევადაროთ ჩვენს დაბეჩავებულ სოფლებს. ჩვენს ქვეყანას უნიკალური შანსი აქვს იმისა, რომ სოფელი და ქალაქი თავის მოწოდების სიმაღლეზე იყოს. საჭიროა არსებული რესურსების ამოქმედება და მივიწყებული დარგების აღორძინება. გასათვალისწინებელია უნიკალური თვისებების მატარებელი ქართული მეფუტკრეობის მეტი ხელშეწყობა. სასიცოცხლო მნიშვნელობის ტყე შევუნარჩუნოთ ადამიანსა და ფუტკარსაც, თუმცა ტყე გაკაფული, ან გადამწვარია. რაც დარჩა იმას მაინც მოვუაროთ და ვუპატრონოთ. მეტი ყურადღებაა საჭირო ტყეების განახლებისადმი. ერთი ხე წელიწადში 120კგ ჟანგბადს გამოყოფს, რაც მთელი წლის განმავლობაში სამი ადამიანისთვის სრულიად საკმარისია.

ასევე აბრეშუმის პარკის მოყვანას განსაკუთრებული ყურადღება ენიჭებოდა სოფლის მოსახლეობის დასაქმებისათვის და დღესაც აქვს ქართულ აბრეშუმს მოთხოვნა და საერთაშორისო ბაზარზე თავის კუთვნილ ადგილს დაიკავებს, ამიტომ იყო, რომ ვერაგი და დაუნდობელი მტერი, თემურლენგი, საგანგენბოდ ერჩოდა თუთის ხეებს, მისი ფოთლები აბრეშუმის ჭიის გამოსაკვები ერთადერთი საშუალება იყო და არის.

როგორც ცნობილია, საქართველო მდიდარია წყლის რესურსებით, რესპუბლიკის 319 დიდი მდინარიდან სამრეწველო დანიშნულებით მეთევზეობისთვის გამოყენებულია მხოლოდ ორი, 211 ტბიდან გამოყენებულია მხოლოდ 17, 37 წყალსაცავიდან მხოლოდ 10, მთელი დატვირთვით არ არის გამოყენებული თევზის მოშენებისათვის სატბორე მეურნეობა, ამიტომ აუცილებელია შესაბამისმა სტრუქტურებმა ყურადღება არ შეანელონ ისეთი მოთხოვნადი პროდუქტის წარმოების, როგორიც არის მდინარეებში, ტბებში, წყალსაცავებში, ტბორებსა და ზღვაში მეთევზეობის განვითარება, ამიტომ საჭიროება მოითხოვს საგადასახადო-საბანკო მომსახურების და საწარმო სფეროებში გონივრული რეფორმების განხორციელებას, რომელიც შედეგის მომტანი იქნება ამ დარგისათვის.

ჩვენ გაცილებით მეტი რესურსი გვაქვს ვიდრე გვგონია. ნუ ვიქნებით ზარმაცები. ჩვენ გვაქვს გაცილებით მეტი, ვიდრე მიწას და ბუნებრივ რესურსებს შეუძლია შემოგვთავაზოს. შეგვიძლია შევქმნათ ისეთი მნიშვნელოვანი რაღაც, რაც აქამდე არ გვქონია. საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყანა იყო მრავალდარგობრივი აგრობიზნესის სფეროში და ახლაც საშურია, რომ შევინარჩუნოთ მიღწეული სიმაღლეები. ქვეყანას, მიუხედავად მცირემიწიანობისა, შეუძლია ძალიან ბევრი ნატურალური და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი მიაწოდოს მსოფლიოს და უარი არ უნდა ვთქვათ პრიორიტეტული დარგის − აგრობიზნესის ინტენსიურ განვითარებაზე. დროა უარი ვთქვათ საბჭოურ მენტალურ აზროვნებაზე და ნუ შეგვრცხვება თუ ვინმე საქმეში ჩაუხედავი აგრარულ ქვეყანად დამცინავად მოგვიხსენიებს. ჩვენ შეგვიძლია და ვალდებულიც ვართ ხალხის რესურსები და ტალანტი გავაერთიანოთ ქვეყნის მოდერნიზაციისათვის. ადამიანებს თავისი ერთობით ბევრი სიკეთის გაკეთება შეუძლია. ამის მაგალითები უამრავია როგორც საკუთარ ისტორიაში, ისე საზოგადოდ. მეორე მსოფლიო ომში დამარცხებულმა გერმანიამ და იაპონიამ, სამხრეთ კორეამ, ისრაელმა 50-60 წელიწადში შეუძლებელი შეძლეს და ყველაზე წარმატებული ქვეყნები გახდნენ. შეიძლება სკეპტიკურად განწყობილმა ოპონენტებმა თქვან − მათ ამერიკა დაეხმარაო, მაგრამ ომებით გათანგულ ვიეტნამს ვინ დაეხმარა? ჩინეთს? ჩვენ სიამაყით ვიხსენებთ ქვეყნის ისტორიის წარმატებულ მიღწევებს და ვაანალიზებთ, რომ ამის შემოქმედი უშუალოდ ჩვენი სახელოვანი წინაპარი იყო, რომელიც ჩვენზე ნაკლებ ცოდნასა და ინფორმაციას ფლობდა, მაგრამ იმით გვჯობნიდნენ, რომ ერთობითა და მიზანდასახული ქმედებით აღწევდნენ დიდ წარმატებას. ჩვენ დღესაც ჰაერივით გვჭირდება ურთიერთ-თანადგომა, ერთობა, სიყვარული და განათლებისაკენ სწრაფვა. 

დასკვნა

ჩვენი აზრით, საჭიროა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სრული დამოუკიდებლობა და შესაბამისი ფინანსური რესურსებით უზრუნველყოფა (მათი ხარჯვის მკაცრი კონტროლით), სამთავრობო სტრუქტურების ძირეული ოპტიმიზაცია და კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტება, ადგილობრივი მოსახლეობის ქმედითი და აქტიური ჩართვა მუნიციპალიტეტებისა და ქვეყნისათვის საჭირბოროტო საკითხების გადაწყვეტის საქმეში. ადამიანური რესურსების სწორად შერჩევა და ეფექტური გამოყენება ქვეყნის საკეთილდღეოდ, ყოველგვარი ნეპოტიზმისა და ანგარების გარეშე. მეტი ყურადღება მიექცეს განათლებისა და კულტურის განვითარებას, მეცნიერების დონის ამაღლებას, რათა შევძლოთ ქვეყანაში არსებული რესურსების სწორად და მიზანმიმართულად გამოყენება. აუცილებელია სამთავრობო მმართველობით და სამეურნეო საქმიანობაში ჩავრთოთ ადამიანები არა პარტიული ნიშნით, არამედ მათი პროფესიული მომზადების მიხედვით, აქვე იყოს გათვალისწინებული მათი პროფესიონალიზმი და არა დიპლომები და სერტიფიკატები. აუცილებელია, ბუნებრივ რესურსებთან ერთად, ინტელექტუალური ერის პოტენციალის მეტად გამოვლენა-გამოყენება.

რეზიუმე

ნაშრომში განხილულია ქვეყანაში არსებული რესურსების გამოყენების მეტად აქტუალური საკითხები, რომელთაც მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ხალხის კეთილდღეობის ამაღლების საქმეში. ქვეყნის მმართველობით სტრუქტურებში დაშვებულმა შეცდომებმა სავალალო მდგომარეობაში ჩააგდო ქვეყანა და მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონი შექმნა. განადგურდა და აღიგავა პირისგან მიწისა საბჭოთა ხელისუფლებიდან მემკვიდრეობით მიღებული მრავალდარგოვანი მრეწველობა და სოფლის მეურნეობა.

ნაშრომში განსაკუთრებული ყურადღება აქვს დათმობილი იმას, რომ ხელისუფლებას ქვეყანის მმართველობის სტრუქტურებში მოქნილი და გონივრული სტრატეგია და ხედვა სჭირდება, რომ უარი თქვან, მავნე ჩვევების (ნეპოტიზმის) ჩარევის გარეშე განახორციელონ ადამიანური რესურსების შერჩევა და დანიშვნა. ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ  ჯერჯერობით ქვეყანაში ვერ მოხერხდა სამართლიანობის აღდგენა. ხელისუფლებამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს უცხოური ინვესტიციების მოზიდვას, რომელიც მოხმარდება ქვეყნისთვის მეტად საჭირო მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, რაც გარანტიაა მთლიანი შიდა პროდუქტის და წარმოების მოცულობის ზრდისა და ადამიანური რესურსების დასაქმებისთვის. სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებაზე მყოფი ჩინოვნიკები პირველ რიგში მოტივირებული უნდა იყვნენ თავისი კვალიფიციური შრომის შედეგებით და, მეორე მხრივ, ეკონომიკურად შეჭირვებული ქვეყნის სახელმწიფო მოხელეები მკაცრად უნდა უფრთხილდებოდნენ ბიუჯეტის სახსრებს და უფლება არა აქვთ, ფუფუნებაში ატარონ ცხოვრება. დღევანდელ პირობებში მყოფი ერისთვის უპირველესი საზრუნავი არის ქვეყნისა და თავის გადარჩენა. ამისათვის საჭიროა ხელისუფლების მიერ ქვეყანაში კარდინალური ცვლილებების განხორციელება, მაღალი სულისკვეთებით შრომა, გარჯა და კარგი სამომავლო ბიზნესსტრატეგიების ჩამოყალიბება და მისი გადაუდებელი შესრულება-განხორციელება.

ხაზგასმით აღნიშნულია, რომ ქვეყანაში უნდა შემუშავდეს ქმედითი საგანმანათლებო პროგრამა. ყველა ჩავაბათ უწყვეტი სწავლების პროცესში, რომელიც ყველა რანგის სახელმწიფო მოხელეს, მენეჯერებს თუ ნებისმიერი სპეციალობის მქონე ადამიანს გაუხსნის გზას თანამედროვე ტექნოლოგიების მიღწევების ათვისებასა და კვალიფიკაციის უწყვეტი ამაღლებისკენ.

დღევანდელი ხელისუფლების ძირითადი ფუნქციაა ქვეყანაში არსებული ბუნებრივი, ადამიანური კაპიტალური რესურსების ინტენსიურად და რაციონალურად გამოყენება, რომ განვითარდეს ქვეყნის ეკონომიკა და შეიქმნას სამუშაო ადგილები, სადაც დასაქმდებიან ადამიანები, რომლებსაც ხელი აქვთ ჩაქნეული მომავალზე, არადა ქვეყნის მოსახლეობა მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში იმყოფება. საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყანა იყო მრავალდარგობრივი აგრობიზნესის სფეროში და ახლაც საშურია, რომ შევინარჩუნოთ მიღწეული სიმაღლეები. ქვეყანას, მიუხედავად მცირემიწიანობისა, შეუძლია ძალიან ბევრი ნატურალური და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი მიაწოდოს მსოფლიოს და უარი არ უნდა ვთქვათ პრიორიტეტული დარგის − აგრობიზნესის ინტენსიურ განვითარებაზე. 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. თ. გამსახურდია, „სახელმწიფო მოხელეებს სჭირდება მენეჯერული აზროვნება“, სოხუმის სახ. უნივერსიტეტი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, ეკონომიკისა და მართვის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი, განვითარების ეკონომიკა და ინოვაციები: გამოწვევები, გადაწყვეტის გზები, მეოთხე საერთაშორისო სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენციის მასალების კრებული, თბილისი, 2017, გვ. 54-56.
  2. თ. გამსახურდია, თ. ფესტვენიძე, „ქვეყნის რესურსების ეფექტური გამოყენება საჭიროებს სწორ მენეჯმენტს“, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიო უნივერსიტეტი, პროფ. გიორგი წერეთლის საიუბილეო 65-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციის მასალების კრებული, თბილისი, 2017, გვ. 211-215.